საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამაყობს გუშინ ბათუმის პორტში აქციის გამართვის გამო, რადგან "[ხალხმა] მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია". ბათუმის პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩამოსულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი ტურისტების წინააღმდეგ გამართულ აქციას პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა.
"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის", - აცხადებს პრეზიდენტი.
ბათუმის პორტში გუშინ, 27 ივლისს, დილით, თურქეთის გავლით სოჭიდან შევიდა საკრუიზო ლაინერი, რომელმაც ქალაქში ერთი დღით ჩაიყვანა ტურისტები.
პორტში შეკრებილმა საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. ლაინერს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
"Русский корабль, иди на...й" - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები ჰქონდა.
პოლიციამ ჯებირები გაავლო და აქციის მონაწილეებს არ აძლევდა ლაინერთან მიახლოების უფლებას. გემმა ბათუმის პორტი 27 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ ლაინერი არ არის სანქცირებული.