Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ "ქაჯობა" უწოდა სოჭიდან ჩამოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრების მიმართ პროტესტს


პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

ბათუმის პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩამოსულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი მგზავრების წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში რუსეთის მოქალაქეების მისამართით გამართული საპროტესტო აქცია ასე შეაფასა:

„ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს [27 ივლისს], რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს - ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის, 2008 წელი".

ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის შენარჩუნებაზე. „ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება", - თქვა მან.

27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. ლაინერს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.

"Русский корабль, иди на...й" - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები ჰქონდა.

პოლიციამ ჯებირები გაავლო და აქციის მონაწილეებს არ აძლევდა ლაინერთან მიახლოების უფლებას. გემმა ბათუმის პორტი 27 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ ლაინერი არ არის სანქცირებული.

XS
SM
MD
LG