Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პორტიდან საპროტესტო აქციით აცილებენ სოჭისკენ მიმავალ საკრუიზო ლაინერს


ბათუმი
ბათუმი

ბათუმის პორტში მოქალაქეები სტვენითა და შეძახილებით აცილებენ სოჭიდან თურქეთის გავლით შესულ საკრუიზო ლაინერს, რომელმაც კურორტზე ტურისტები ერთი დღით ჩაიყვანა. ათობით ადამიანი ახლა ელოდება, როდის დატოვებს ბათუმს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.

"Русский корабль, иди на...й", - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები უჭირავს ხელში.

აქციაზე ხალხს მისვლისკენ მოუწოდებდნენ პარტიების, "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის", წარმომადგენლები, თუმცა პორტში შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეებიც.

პოლიციას ჯებირები ჰქონდა გავლებული და აქციის მონაწილეებს არ აძლევდა ლაინერთან მიახლოების უფლებას. გემმა ბათუმის პორტი დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა.

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო. ბათუმის პორტში გემი დღეს, 27 ივლისს, დილით შევიდა.

"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ერთ-ერთი რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.

მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ლაინერი არ არის სანქცირებული.

"აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. Astoria Grande-ს "ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

XS
SM
MD
LG