ბათუმის პორტში, თურქეთის გავლით, დღეს დილით შევიდა საკრუიზო ლაინერი, რომელმაც ტურისტები სოჭიდან წამოიყვანა. გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება 22 ივლისს დაიწყო.
"ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების აღება", - ნათქვამია ერთ-ერთი რუსული ტელეარხის მიერ მომზადებულ მასალაში.
მათივე ინფორმაციით, საკრუიზო გემზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ქართული ტრადიციული კერძები დაემატა ლაინერის მენიუსაც.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ლაინერი არ არის სანქცირებული.
"აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. Astoria Grande-ს "ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.