Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩოს ეგიდით აშშ-ში იმყოფებოდნენ მოსამართლეები, რომლებმაც 2022 წელს ვიზიტზე უარი თქვეს


საქართველოს მოსამართლეები აშშ-ში
საქართველოს მოსამართლეები აშშ-ში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ხარჩილავა და ნინო ნაჭყებია იმ მოსამართლეებს შორის არიან, რომლებიც ქალაქ ბალტიმორში გამართულ 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეგიდით. ღონისძიება ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემებს ეძღვნებოდა. მათი ვიზიტის შესახებ ცნობა აშშ-ის საელჩომ 27 ივლისს გამოაქვეყნა. როგორც საელჩო იუწყება, მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით და ვაშინგტონში ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ.

საქმე ის არის, რომ ხათუნა ხარჩილავამ და ნინო ნაჭყებიამ შარშან სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს მას შემდეგ, რაც იმავე პროგრამიდან ლაშა ჩხიკვაძე მოიხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებია
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებია

იმ დროს „სოლიდარულ” მოსამართლეებს შორის ხათუნა ხარჩილავასა და ნინო ნაჭყებიას გარდა, იყვნენ მაია ქოქიაშვილი, გიზო უბილავა, რომეო ტყეშელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა

ჩხიკვაძისადმი მოსამართლეების სოლიდარობის გამოცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც მან თქვა: „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი". „ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა იმასაც, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს".

რამდენიმე მოსამართლემ აშშ-ში ვიზიტზე 2023 წელსაც განაცხადა უარი. ამჯერად ამის მიზეზი გახდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG