Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის


მიხეილ სააკაშვილის ონლაინრეჟიმში ჩართვა სასამართლოს სხდომაზე. 3 ივლისი, 2023.
მიხეილ სააკაშვილის ონლაინრეჟიმში ჩართვა სასამართლოს სხდომაზე. 3 ივლისი, 2023.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც კოლონიაში იმყოფება და ახალ სისხლის სამართლის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

„სოლიდარობას ვუცხადებ ალექსეი ნავალნის! ძალიან ნიჭიერ მებრძოლს თავისუფლებისთვის, რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ, შეიძლება 20 წელი მიესაჯოს. ალექსეი, თქვენ ხართ ბევრად უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ყველა თქვენი მტანჯველი ერთად აღებული“, - დაწერა სააკაშვილმა ტვიტერში. მან გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი მალე დაინგრევა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ნავალნის გადაწყვეტილებას, 2021 წელს დაბრუნებულიყო რუსეთში, სადაც მას დაპატიმრება მოელოდა. „ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ქვეყნები მათში ყოფნის გარეშე, თუნდაც ეს ციხეში უზარმაზარ გაჭირვებას ნიშნავდეს“. სააკაშვილმა ნავალნის ჯანმრთელობა და ძალა უსურვა.

თავად მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ამჟამად კი ის მკურნალობას გადის თბილისის კერძო კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილი თავის სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მიიჩნევს და საქართველოს ხელისუფლებას ვლადიმირ პუტინის ბრძანების შესრულებაში ადანაშაულებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ შესაძლოა, მოწამლეს ისევე, როგორც ნავალნი, რომელიც 2020 წელს თავის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

მიმდინარე წლის აპრილში ნავალნიმ თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გაათავისუფლონ. „სააკაშვილი ძალიან ავადაა და სიმულაციაზე ყოველგვარი საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ყველას სწოვს ჯანმრთელობას და დიდი სისწრაფით. გაათავისუფლეთ სამკურნალოდ პირობითი სასჯელით ან გააკეთეთ მსგავსი რამ, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, დაიცვან კანონი და შეინარჩუნონ სახე - ეს ყველაზე სწორი იქნება“, ნათქვამია ტექსტში, რომელიც ნავალნის სოცქსელებში გამოქვეყნდა.

ალექსეი ნავალნიმ მაშინ აღნიშნა, რომ არ იცნობს და არასდროს შეხვედრია სააკაშვილს, მაგრამ „გადაწყვიტა, დაეწერა როგორც ადამიანს და ქრისტიანს“. მან ასევე ბოდიში მოიხადა მისი ადრინდელი ანტიქართული გამონათქვამებისთვის, რომელზეც ნავალნის კრიტიკოსები ხშირად მიუთითებდნენ და მას „იმპერიულობაში“ ადანაშაულებდნენ.

ხუთშაბათს პროკურატურამ ალექსეი ნავალნისთვის მოითხოვა 20 წლით საგანგებო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა სისხლის სამართლის ახალ საქმეზე. ამის შესახებ განაცხადეს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გასვლით სხდომაზე ვლადიმირის ოლქის კოლონიაში, სადაც ოპოზიციონერი 9-წლიან ვადას იხდის წინა საქმეზე. განაჩენი 4 აგვისტოს გამოცხადდება.

ნავალნის ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად ექვსი მუხლით. მათ შორისაა ექსტრემისტული თემის შექმნა და დაფინანსება, ექსტრემიზმისკენ მოწოდებები, ნაციზმის რეაბილიტაცია და არასრულწლოვანთა ჩართვა სახიფათო ქმედებებში. ტერორიზმის შესახებ მუხლთან დაკავშირებით ცალკე საქმეა გამოყოფილი. საქმე, კერძოდ, ეხება კორუფციასთან ბრძოლის ფონდს - ნავალნის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას, რომელიც, პროკურატურის მოთხოვნით, 2021 წელს ექსტრემისტულად იქნა აღიარებული და რუსეთში მისი საქმიანობა აიკრძალა. ნავალნი ბრალს არ აღიარებს და მის მიმართ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. უფლებადამცველებმა ნავალნი პოლიტპატიმრად აღიარეს.

XS
SM
MD
LG