Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს


„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები პროდასავლურ პლატფორმაზე გაერთიანდებიან. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად ექნება ერთიანი მიდგომა „ქართული ოცნების" დასამარცხებლად.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. ამასობაში, კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ, მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია, ყველა კვლევით, პროდასავლურ პარტიებს შორის, აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით. ვგულისხმობ, „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით და ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების, - თქვა ხაბეიშვილმა და დაამატა, - მიხეილ სააკაშვილის პარტია, პასუხისმგებლობიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა".

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ორ იდეას შორის მიმდინარეობს ბრძოლა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. მისი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს - ამბიციური, რეფორმებსა და პროგრესზე ორიენტირებული, რეგიონის ლიდერი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს იდეა და რუსეთზე ორიენტირებული, მაჩანჩალა და ოლიგარქიულ ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა", - თქვა ვაშაძემ. როგორც ის აცხადებს, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ევროკავშირის, NATO-ს წევრი სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს იდეა და რუსეთის სატელიტი, დამონებული და დაჩაჩანაკებული საქართველოს იდეა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. 2024 წლის არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა.

XS
SM
MD
LG