Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის განცხადებით, ჩაქვის სასტუმროში რეგულაციები დაცული იყო


კახა წერეთელი, ადვოკატი
კახა წერეთელი, ადვოკატი

ჩაქვში მდებარე სასტუმრო „Dreamland Oasis-ის" ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ, 18 ივლისს, 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო.

მისი თქმით, სასტუმროს მენეჯმენტი თანამშრომლობს მომხდარ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან.

როგორც კახა წერეთელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე სასტუმროს პერსონალის გამოკითხვა მიმდინარეობს. სასტუმროს ადმინისტრაციამ საგამოძიებო უწყებას საჭირო მასალებიც გადასცა.

„ვიდეოჩანაწერის ამოღება მოხდება უმოკლეს ვადაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და მზად ვართ, ნებისმიერი ვიდეომასალა წარვუდგინოთ“, - ამბობს კახა წერეთელი და ამატებს, რომ აუზის ეს ნაწილი ბავშვებზე არ იყო გათვლილი.

კახა წერეთლის სიტყვებით, საქართველოს კანონმდებლობით, სასტუმროს არ აქვს აუზში ჩასვლის პროცესის კონტროლის ვალდებულება. რეგულაცია უსაფრთხოების წესების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას გულისხმობს. სასტუმროს ტერიტორიაზე ეს რეგულაცია სრულად იყო დაცული.

„არ არსებობს რეგულაცია, რომ აუზთან მაშველი უნდა იყოს თუ არა. პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს. გაფრთხილებები კი ყველგან გამოკრულია, მაგრამ ის, რომ აკონტროლოს, ვინ ჩადის აუზში, ასეთი ვალდებულება არ არსებობს“, - ამბობს კახა წერეთელი.

შსს-მ ჩაქვში, სასტუმრო „Dreamland Oasis-ში", აუზში ბავშვის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვი და მისი მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩაქვში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG