Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმზე დრონებით შეტევა იყო


დრონებით შეტევის შედეგად 17 ივლისს დაზიანებული ყირიმის ხიდი
დრონებით შეტევის შედეგად 17 ივლისს დაზიანებული ყირიმის ხიდი

რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ყირიმზე „ტერორისტულ შეტევაში". ანექსირებულ რეგიონში მოსკოვის მიერ ე.წ. მეთაურად დანიშნულმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის აღმოსავლეთში 9 დრონი ჩამოაგდეს და კიდევ 19 ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. ანექსირებული ნახევარკუნძულის აღმოსავლეთში მდებარეობს ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა იყო.

ყირიმზე წუხანდელი შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ობიექტებს არ აკონკრეტებს და ირწმუნება, რომ 28 დრონიდან 17 გაანადგურეს, 11 ჩაახშეს, შეტევისას არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.

უკრაინას რუსეთის დღევანდელ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

17 ივლისს რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა იყო „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით", დაიღუპა 2 ადამიანი, 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის" მუხლით.

უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „წყალზედა დრონები“ გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG