ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა" წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი წყაროს ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ ხიდამდე მიღწევა რთული იყო, ეს შეძლეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს „მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას", თუმცა მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ „ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა“.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია „საგანგებო შემთხვევის" გამო. რა შემთხვევა იყო ეს, აქსიონოვს არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.
2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.
- უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
- 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
- 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
- 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.