Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: „ვაგნერი" არ არსებობს


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში. 2023 წლის 13 ივლისი
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში. 2023 წლის 13 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტმა სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც ივნისის ბოლოს კრემლში შეხვდა მეამბოხე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურებს და კომპანიის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს. გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტმა ამ შეხვედრის შესახებ პუტინისთვის შეკითხვის დასმა 13 ივლისს შეძლო მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, „მომავალი ტექნოლოგიების ფორუმის“ მონაწილეებთან მისი შეხვედრის შემდეგ.

პუტინმა გამოცემის ჟურნალისტს უთხრა, რომ „ვაგნერელებთან“ შეხვედრის შესახებ „აკურატულად“ ისაუბრებდა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „საზოგადოებისთვის ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია" - „ვაგნერის“ რიგითი მებრძოლები „ღირსეულად ომობდნენ" და სამწუხაროა, რომ „ამ მოვლენებში“(ამბოხება) ჩართული აღმოჩნდნენ. პუტინის თანახმად, „ვაგნერის“ მეთაურებთან შეხვედრისას, ერთი მხრივ, შეაფასა ის საქმე, რაც მათ ბრძოლის ველზე გააკეთეს, მეორე მხრივ, ის, რაც 24 ივნისის მოვლენების დროს ჩაიდინეს და ამასთან, აჩვენა მათი შემდგომი სამსახურის შესაძლო ვარიანტები.

შეკითხვას, სავარაუდოა თუ არა, რომ „ვაგნერი“ შენარჩუნდება როგორც საბრძოლო ერთეული, პუტინმა უპასუხა, რომ „კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს", რადგან რუსეთს არ აქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ. შემდეგ მან დააკონკრეტა, რომ „ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს“ და ლეგალიზაციის საკითხი მთავრობასა და დუმაში უნდა განიხილებოდეს.

პუტინმა „კომერსანტის“ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ „ვაგნერის“ მეთაურებს სამსახურის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის უშუალო სამხედრო მეთაურის, მეტსახელად „სედოის“ ხელმძღვანელობით და ბევრმა თანხმობის ნიშნად თავიც დააქნია, თუმცა პრიგოჟინმა, რომელიც წინა რიგში იჯდა და ამას ვერ ხედავდა, განაცხადა, რომ „ბიჭები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან".

27 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კრემლში შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერს“ მთლიანად სახელმწიფო აფინანსებდა და მხოლოდ 2022 წლის მაისიდან 2003 წლის მაისის ჩათვლით გადაუხადეს 86 მილიარდ რუბლზე მეტი.

კრემლმა 10 ივლისს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი კრემლში შეხვდა „ვაგნერის“ რაზმების 35 მეთაურს და კომპანიის ხელმძღვანელებს, მათ შორის ევგენი პრიგოჟინს.

კრემლის პრესმდივნის, პესკოვის თანახმად, „ვაგნერის“ მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის (პუტინის) „მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან და მზად არიან სამშობლოსთვის ისევ იბრძოლონ".

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.
  • 6 ივლისს ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთშია.
XS
SM
MD
LG