Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტი დროებით წყვეტს მუშაობას


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანების გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას დროებით წყვეტს. როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, მუშაობა განახლდება 11 ივლისს, 07.00 საათზე.

აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზად დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა დასახელებული.

„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - ვკითხულობთ ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობაში.

10 ივლისს ქუთაისის აეროპორტი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები.

10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის, Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებს, სხვა ფრენების გრაფაში კი მითითებულია, რომ გაუქმდა.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აღარ გამართეს საპროტესტო აქცია, რომლითაც მოსკოვიდან ჩამოფრენილ მგზავრებს უნდა დახვედროდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. 2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ–დასაფრენ ზოლს და აეროპორტის გამართულად ოპერირებისთვის აშენდა ახალი ტერმინალი.

აეროპორტის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება.

XS
SM
MD
LG