Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: ნატოსკენ უკრაინის გზა შემოკლდება


ფოტო არქივიდან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატოს მინისტერიალზე ბრიუსელში. 2023 წლის 4 აპრილი
ფოტო არქივიდან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატოს მინისტერიალზე ბრიუსელში. 2023 წლის 4 აპრილი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, ნატო უკრაინისთვის შეამოკლებს ალიანსის წევრობისკენ მიმავალ გზას.

დღეს, 10 ივლისს, ნატოს ლიდერთა სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოელმა მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს, რომ ალიანსში მისაღებად უკრაინას აღარ დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა(MAP).

დმიტრო კულება არ აკონკრეტებს, სად და რა დონეზე მიაღწიეს ნატოელმა მოკავშირეებმა ამ შეთანხმებას, თუმცა, აცხადებს, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოსკენ უკრაინის გზას შეამოკლებს.

ნატოში შესვლის მსურველმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ წევრობის სამოქმედო გეგმა(MAP), რათა დააკმაყოფილონ ალიანსის სტანდარტები. ამ პროცესს შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. ამჟამად MAP-ი აქვს მხოლოდ ბოსნია და ჰერცეგოვინას.

11-12 ივლისს ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. კიევმა ნატოელ მოკავშირეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ალიანსში ოფიციალურად მიიწვიონ, რაც, წინასწარი ინფორმაციით, მოსალოდნელი არ არის.

XS
SM
MD
LG