თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა გირაო, 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. ბრალდების მხარე გირაოს თანხად 3 მილიონ ლარს ასახელებდა. გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესის დასრულებამდე აეკრძალა ქვეყნის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. მას საქმის განხილვის განმავლობაში ჩამოერთმევა საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტები.
მოსამართლემ ბრალის დადგენილების გაცნობის დროს განმარტა, რომ ბაჩიაშვილის ბიზნესში ერთ-ერთი ინვესტორი არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. „არ ვიცი, საერთოდ, რატომ ვარ ამ პროცესზე... რაც შეეხება კრიპტოვალუტის მოძრაობას, ეს არის ბიზნესი, - აღნიშნა მან და განაგრძო, - საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს იყოს აღქმული რაიმე კრიმინალად ან ფულის გათეთრებად. თუ ბიზნესი, სტარტაპებში ინვესტირება არის კრიმინალი და ფულის გათეთრება, მაშინ არ ვიცი, საერთოდ, რაზე გვაქვს საუბარი".
ბრალდებული, ასევე, უკმაყოფილოა საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო. „ქვეყანაში ჩამოვედი სამი კვირის წინ. დატოვება, რომ მდომებოდა, არ ჩამოვიდოდი", - უთხრა მან მედიას პროცესის შემდეგ.
სასამართლოს სხდომის შემდეგ ადვოკატმა გიორგი მახარაშვილმა განაცხადა: „ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა ინვესტორის თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად საქმეში წარმოდგენილი არის საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც უტყუარად, წერილობით დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო 5 მილიონი, ხოლო, ერთი წლის შემდეგ გადაიხადა, როგორც ეს 5 მილიონი, ასევე, პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა დღეს დაცვის მხარეს გვიწევს მტკიცება, რომ რეალურად მას პარტნიორი არ ჰყოლია".
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ პროცესის შემდეგ განაცხადა: „ინვესტიციის განხორციელება ორივეს, როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის შემთხვევაში, მოხდა სესხის სახით, ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული. ძალიან მარტივად დათვლადია, რა პროპორციულობით იყო - გამომუშავებული ბიტკოინებიდან გამომდინარე და განხორციელებული ინვესტიციიდან გამომდინარე. ბრალდებული არ აღიარებს, მაგრამ უამრავი მოწმის მიერ მითითებული ინფორმაციაა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს არის დოკუმენტებში დაფიქსირებული პოზიცია".
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 დეკემბერს დაინიშნა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება
გიორგი ბაჩიაშვილი 2019 წლიდან დღემდე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, რაც აღნიშნულია ფონდის ვებსაიტზე.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, მისი პირადი და ინვესტორის თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.
გამოძიების ინფორმაციით, ბიტკოინის მაინინგის მომსახურებაზე პასუხისმგებელი უცხოური კომპანია იყო, რომელმაც ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 1-წლიანი ხელშეკრულება დადო.
ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის - 1 305 000 აშშ დოლარს...
1-წლიან პერიოდში კომპანიამ გამოიმუშავა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც, ინვესტორის სუფთა მოგება იყო 8 253.13 ბიტკოინი.
დანაშაულში ბრალდებულმა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო ინვესტორის დარჩენილი კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მითვისებული აქტივებით ისარგებლა, უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებები და აქტივები შეიძინა.
საგამოძიებო უწყებამ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით დაიწყო. ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.
თანაინვესტირების ფონდის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილი ფონდის დაარსებიდან, 2013 წლიდან 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას.