Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო „პრაიდზე“: „ლგბტ პროპაგანდა“ დაუშვებელია, დროა კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა“, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება დახურულ სივრცეში ჩატარების დროსაც. „დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს პრესსამსახური წერს, რომ ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და პასუხისმგებლობას შექმნილ დაძაბულობაზე ღონისძიების ორგანიზატორებს აკისრებს. „ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი“, - წერია განცხადებაში.

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ."

"პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას", - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

XS
SM
MD
LG