Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის პარკში ჩამოხსნეს ცისარტყელას მრავალფეროვანი ქოლგები


დეკორაცია გლდანის პარკში
დეკორაცია გლდანის პარკში

გლდანის პარკის ადმინისტრაციამ ჩამოხსნა ცისარტყელას მრავალფეროვანი ქოლგები.

მანამდე კი ფეისბუკის გვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილი იყო, რომ ფერადოვანი ქოლგები „მხოლოდ და მხოლოდ დეკორაცია“ იყო, რომელიც „ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შექმნას ემსახურება“.

მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას, თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას“, - ეწერა გლდანის პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განახლება:

გლდანის პარკის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეაჩერეს დეკორაციების მოწყობა, ვინაიდან არ სურთ "საზოგადოებაში აგრესიის გაღვივება და სიბრაზის გამოწვევა" და ისინი ემიჯნებიან, "ყოველგვარ პროპაგანდას".

პარკის ადმინისტრაციის ცნობით, ქოლგები იყო დეკორაციის ნაწილი, რომელიც არ იყო დასრულებული და ემსახურებოდა პარკის განახლების პროცესს.

მანამე სოციალური ქსელების ზოგი მომხმარებელი ავრცელებდა ფოტოებს და ვიდეოებს არაკეთილგანწყობილი ვარაუდით, რომ გლდანის პარკის დეკორაცია "პრაიდის კვირეულს" უკავშირდებოდა.

"თბილისის პრაიდის კვირეული" წელს პირველიდან რვა ივლისის ჩათვლით გაიმართება, მისი ორგანიზატორია ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი", კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციები და დისკუსიები.

2021 წლის 5 ივლისს "ღირსების მარშის" ფარგლებში განხორციელებული ძალადობა ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში მოხვდა.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" (HRW) 2023 წლის ანგარიშში ეწერა, რომ:

  • ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა [5 000-5 000 ლარი] სამი ადამიანი, ლგბტ თემის უფლებების დამცველი ჯგუფის - "თბილისი პრაიდის" - ოფისზე 2021 წელს განხორციელებული თავდასხმის გამო. „2021 წლის ივლისში, ლგბტ თემზე მასობრივი თავდასხმის შედეგად, დაშავდა ათობით ადამიანი და გადაიდო ღირსების მარში“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა, ჟურნალისტებზე ძალადობისთვის პატიმრობა შეეფარდა 26 პირს, მაგრამ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზატორები არ გასამართლებულან.
XS
SM
MD
LG