Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტყვიამფრქვევე ტყვიავიდან - უკრაინაში დაღუპული ჯონის ამბავი


ჯონი ოდიშვილი
ჯონი ოდიშვილი

„ახლაც იქიდან მოვდივარ. გული ვეღარ უძლებს. ჯერ მიცვალებული არ გვინახავს, ოთხი დღეა ფეხზე ვდგავართ და მის გარეშე ვტირით. სახლში რომ მოვასვენებთ, მერე რაღა იქნება“, - მეუბნება დავით ოდიშვილი, ჯონი ოდიშვილის ბიძა.

32 წლის ჯონი სოფელ ტყვიავიდან იყო. უკრაინაში, ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვისას, 25 ივნისს დაიღუპა. თანამებრძოლებმა ჯონის ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ მათ სიახლოვეს 120 კილოგრამიანი ჭურვი აფეთქდა. ჭურვის ნამსხვრევი ჯონის თავში მოხვდა. ფრონტის ხაზიდან რომ გამოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ჰოსპიტლამდე ვეღარ მიასწრეს, ჯონი გზაში დაიღუპა.

ჯონი ოდიშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო. როგორც დავით ოდიშვილი გვიყვება, ჯერ კიდევ 18 წლისა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში გაიწვიეს. მას მერე რამდენჯერმე იმყოფებოდა სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიაში.

უკრაინაში პირველად დაახლოებით ხუთი თვის წინ წავიდა. ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს ფეხში დაიჭრა და გამოსაჯანმრთელებლად საქართველოში დაბრუნდა. მეორედ წასვლა რომ გადაწყვიტა ომში, ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, უშედეგოდ:

„ისე დაიჭრა და ისე იმკურნალა საქართველოში რომ მშობლებს არ გააგებინა. მისი მშობლები ტყვიავში ცხოვრობენ. თვითონ, ცოლ-შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა, ნაქირავებ ბინაში. გამაფრთხილა, ძია, ჩემებს არ უთხრა, თორემ ხო იცი, ინერვიულებენო. მეორედ წასვლა რომ გადაწყვიტა, ვეხვეწე, ხომ გამოსცადე, რაც არის და როგორც არის, აღარ წახვიდე-მეთქი, მაგრამ უარი თქვა, პირობა მივეცი ბიჭებს, რომ დავბრუნდები და ვერ ვუღალატებო. პირველი ბილეთი რომ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, უკან დავაბრუნებინეთ. კარგი, აღარ წავალო, დაგვპირდა. სოფელში წამოვედით დამშვიდებული გულებით. ჯონიმ კი ამასობაში ახალი ბილეთი აიღო ქუთაისის აეროპორტიდან და იქიდან გაფრინდა. ზოგადად ეგეთი ტიპი იყო. მე რომ არ წავიდე, შენ რომ არ წახვიდე, ვინღა უნდა წავიდესო. არავის დაგვიგდო ყური, რისიც სჯეროდა, ბოლომდე თავისი გაიტანა“.

ჯონი მეტყვიამფრქვევე იყო. როგორ ბიძამისი გვიყვება, უკრაინის ომში მას მეტსახელიც შეარქვეს - „რემბო“:

„საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდი, მაგრამ როცა კი ვლაპარაკობდით, მიყვებოდა ხოლმე თავის ამბებს. თავდაპირველად ძველი ტყვიამფრქვევი ჰქონია, მაგრამ რომ ნახეს, როგორი გამოცდილი სამხედრო იყო, ახალთახალი ტყვიამფრქვევი მიუციათ. ზედმეტი სახელიც შეურქმევიათ, „რემბო“ ხარ, ისე ისვრიო. მეუბნებოდა, ძია, ძალიან რთული კი არის აქ, მაგრამ არ ვუშინდები, ხანდახან ისე ახლოს მივდივარ მტერთან, რომ თანამებრძოლები მაფრთხილებენ, მართლა რემბო ხომ არ გგონია შენი თავი, ასე ნუ უახლოვდები მტერსო“.

ბიძამ ძმისშვილი უკანასკნელად უკრაინაში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ნახა:

„მაშინ ვუთხარი, ბიჭო, არ დაიღალე? დამშვიდდი, ხიფათს ნუღარ დაეძებ-მეთქი. რაღაცნაირად მტკიცედ მიპასუხა, მინდა, ჩემს შვილს თავისუფალი ცხოვრება ჰქონდეს, არც გარეთ გასვლის ეშინოდეს და არც სხვაგან წასვლისო“.

დავით ოდიშვილს გული სწყდება, რომ ჯონის მშობლებს შვილის უკრაინაში დაღუპვის გამო ხელისუფლებისგან სამძიმარი არ მიუღია:

„ხელისუფლებიდან კაციშვილს არ ახსენდება ეს ბიჭები. ერთი არავინ მოსულა, არავის მოუსამძიმრებია. განსაკუთრებულს ხომ არაფერს ვთხოვთ. ამ ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე უკრაინასთან ერთად საქართველოსთვისაც დათმეს. რა გახდა ერთი სამძიმრის თქმა, გამხნევება, გვერდში დადგომა“.

ჯონი ოდიშვილს ცოლი და სამი წლის გოგო დარჩა:

"ეს ბოლო დატოვებაა თქვენი... ძალიან მიყვარხართ, ძალიან, სიტყვებით და წერით ვერ გადმოვცემ... ღმერთის წყალობით, მალე დაგიბრუნდებით", - მისწერა ჯონიმ ცოლს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.

ჯონი ოდიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ივლისს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. მასთან ერთად ჩამოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ მებრძოლს, მალხაზ კვიჟინაძეს. მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 48 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG