Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა აღიარა სამხედრო მფრინავების დაღუპვა პრიგოჟინის ამბოხებისას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმართავს მოსახლეობას. 2023 წლის 26 ივნისი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმართავს მოსახლეობას. 2023 წლის 26 ივნისი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ივნისს, საღამოს, მოსახლეობისადმი მიმართვაში აღიარა სამხედრო მფრინავების დაღუპვა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებისას. მანამდე ამ ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.

"დაცემული მფრინავების სიმამაცემ დაიცვა რუსეთი", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლების გამოყენებას მათგან უჩუმრად შეეცადნენ. ამასთან, პუტინმა მადლობა გადაუხადა მეომრებს, რომლებმაც "მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" და "გაჩერდნენ უკანასკნელ ზღვართან". პუტინმა მათ შესთავაზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, ნათესავებთან დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა.

"ვისაც სურს, შეძლებს ბელარუსში წასვლას. ჩემი პირობა შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თქვენზე - თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება რუსეთის იმ მეომართა არჩევანი, რომლებმაც გაიაზრეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა", - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, სისხლისღვრის თავიდან აცილებაზე მიმართული ნაბიჯები მისი ბრძანებით გაიცემოდა 24 ივნისის მოვლენების დაწყებიდანვე.

"ამისთვის საჭირო იყო დროც, მათ შორის იმისთვის, რომ გამოფხიზლების საშუალება ჰქონოდათ მათ, ვინც შეცდომა დაუშვეს, რათა მათ გაეგოთ ის, რომ მათ მოქმედებებს გადაჭრით უარყოფს საზოგადოება და ის, თუ რაოდენ ტრაგიკულ, რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამანგრეველ შედეგებამდე მიდის ავანტიურა, რომელშიც ისინი ჩაიყოლეს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი მიიჩნევს, რომ ამბოხების შეჩერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის მოსახლეობის პატრიოტულმა განწყობამ, მთელი საზოგადოების კონსოლიდაციამ. მან დადებითად მოიხსენია ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, "მისი ძალისხმევისთვის და წვლილისთვის ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტაში".

რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა ხუთ წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა, მისთვის "პირველ არხზე" ეთერი შეწყვიტეს.

პუტინს არ უხსენებია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა თქვა, რომ ამბოხების ორგანიზატორებმა რუს ხალხს უღალატეს. პუტინის თქმით, რუსეთში შანტაჟის ან მღელვარების გამოწვევის ყველა მცდელობა "მარცხისთვისაა განწირული" და დასავლეთს სურდა, რუსებს "ერთმანეთი დაეხოცათ".

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დასავლეთის სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ მოკლე ამბოხება რუსეთის წიაღში მიმდინარე ბრძოლის ნაწილი იყო. ბაიდენის თქმით, ამასთან კავშირი არ ჰქონიათ აშშ-ს ან მის მოკავშირეებს. ბაიდენის მესიჯი რუსებს პირდაპირ გაეგზავნათ სხვადასხვა დიპლომატიური არხით, - თქვა უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ, რომელსაც რუსეთის პასუხი არ აღუწერია.

მანამდე განცხადება გაავრცელა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვისკენ მისი ძალების მსვლელობის მიზანი იყო უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე ხაზგასმა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.

პუტინის მიმართვამდე რუსეთის მედიაში გავრცელდა პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვები იმაზე, რომ პუტინის მიმართვა "გადაჭარბების გარეშე განსაზღვრავდა რუსეთის ბედს". პუტინის გამოსვლის შემდეგ პესკოვმა გამოცემა The Bell-ს განუცხადა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.

ორშაბათს იგეგმებოდა ლუკაშენკას გამოსვლაც, თუმცა ის მეორე დღისთვის გადაიტანეს და ბელარუსის ლიდერი ჟურნალისტების წინაშე 27 ივნისს წარდგება.

  • 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს, ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • 26 ივნისის ინფორმაციით, ამბოხის საქმეზე აღძრული საქმე არ იყო შეწყვეტილი.
XS
SM
MD
LG