Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა პრიგოჟინის ამბოხის მიზეზად პირადი ამბიციები და ბიზნესთან დაკავშირებული კონფლიქტი დაასახელა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხება დაკავშირებულია მის ბიზნესინტერესებთან, კერძოდ, კონფლიქტთან სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციასთან, რომელმაც ბიზნესმენის ქალიშვილი მიწის ნაკვეთით არ უზრუნველყო. მან დასძინა, რომ პრიგოჟინს "საკუთარი ამბიციები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში აერია".

"წარუმატებელი ბიზნესგარიგებების ჯაჭვმა ბიზნესმენში წარმოშვა ფარული და დაუსრულებელი უკმაყოფილება, რომელმაც პიკს მიაღწია, როდესაც სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ ქალიშვილს არ გადასცა სასურველი მიწის ნაკვეთი", - თქვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.

საუბარია პროგოჟინის ქალიშვილზე, 30 წლის პოლინა პრიგოჟინაზე. 2016 წელს ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა გამოძიება პრიგოჟინის ოჯახის, მათ შორის მისი ქალიშვილის ბიზნესის შესახებ.

თავდაპირველად კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელის ქალიშვილი იყო შპს "კრედოს" დამფუძნებელი – კომპანია დაკავებულია უძრავი ქონების დაქირავებით და მართვით, ფლობს ასევე შპს "ლახტა პლაზას", რომლის ეგიდითაც პრიგოჟინს გამოეყო ტერიტორია წყლის ტურიზმის ცენტრის მშენებლობისთვის. ამ დროისთვის პოლინა პრიგოჟინა სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქების საარბიტრაჟო სასამართლოებში შპს "ლუდსახარშს“ ერთი მილიონი რუბლისთვის ედავება.

პოლინა პრიგოჟინა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების სიაშია.

კადიროვი ჯერჯერობით ერთადერთი მაღალი რანგის რუსი მოხელეა, რომელმაც პრიგოჟინის სამხედრო ამბოხი მის ბიზნესინტერესებს დაუკავშირა.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში მყოფი 25 ათასი მებრძოლი დაიძრა მოსკოვისკენ, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.


პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა მხარი დაუჭირა პუტინს და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მოქმედებებს „საზიზღარი ღალატი“, „ზურგში ჩარტყმული დანა“ და „ნამდვილი სამხედრო ამბოხი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG