Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გააუქმეს „პრიგოჟინის ამბოხების“ გამო მოქმედი „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“


მოსკოვში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ 24 ივნისს გამოაცხადეს
მოსკოვში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ 24 ივნისს გამოაცხადეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გააუქმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში გამოცხადებული „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“. ის 24 ივნისს აამოქმედეს, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის რეგულარული არმია დაადანაშაულა „ვაგნერელებზე" სარაკეტო დარტყმაში, დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავა და „სამართლიანობის მარშით" მოსკოვისკენ წასვლა გადაწყვიტა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს დღევანდელ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მოსკოვის რეგიონში ვითარება სტაბილურია და „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გაუქმებულია დილის 9 საათიდან. ანალოგიური რეჟიმი გაუქმდა რუსეთის ვორონეჟის ოლქშიც.

  • 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
  • პრიგოჟინის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG