გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს. დღეს, 23 ივნისს, ჭიათურაში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა თქვა, რომ "ბიზნესის მართვა" და მაღაროს გადაცემა მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ითხოვენ პირობების, მათ შორის, ანაზღაურების გაუმჯობესებას.
მისივე სიტყვებით, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ისინი გააგრძელებენ იმ საქმის კეთებას, რაც იციან.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ გაფლანგული, უმისამართოდ შეჭმული. ახლა ამბობენ, კომპანია გადაეცეს მაღაროელსო. რომელიმე აიღებთ ამას თქვენ თავზე და მართავთ მაღაროს? მე, პირადად, ვიცი სანგრების მართვა და ვაპირებ, სანგრები ვმართო. მათ სჭირდებათ ადამიანი, ვიზედაც ხელს შეიწმენდენ. ხმამაღალი საუბარიც მოგვივიდა ამ შემოთავაზების გამო აქ ადამიანებთან.
ჩვენი მიზანი არაა თანამდებობები, სკამზე ჯდომა, ბევრი ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები, დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაოებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალები ვართ. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ესაა ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ", - თქვა მან.
გაფიცული მაღაროელების შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა" 22 ივნისს, გვიან ღამით, გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.
"ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, რამდენიმე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გრძელდება ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია.
21 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ 4 მოშიმშილე დაემატა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა გიორგი კუპატაძეც, მაღაროელი, რომელმაც 18 ივნისს თვალები ამოიკერა პროტესტის ნიშნად. აქციაზე გამომსვლელთა თქმით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაძლოა, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო შეექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც.
გაფიცული მაღაროელები, გარდა ხელფასების მატებისა, საუბრობენ უსაფრთხო სამუშაო სივრცის საჭიროებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზს" მოაქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის.