რუსეთის მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გამო, აშშ-ის სენატს წარედგინა ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, რუსეთის ან ბელარუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმად უნდა შეფასდეს.
რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი. მათი განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა თავის საზღვრებს გარეთ ბირთვული იარაღი პირველად განათავსა, რაც უკრაინაში ომის ფონზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას, ნატოს წევრ ქვეყნებს და გლობალურ უსაფრთხოებას.
რეზოლუციის პროექტით, რუსეთის, ბელარუსის ან მათ მიერ მართული ძალების მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ან ბირთვული ობიექტის განადგურება, რაც ნატოს ტერიტორიაზე რადიოაქტიურ დაბინძურებას გამოიწვევს, განხილული უნდა იყოს ნატოზე თავდასხმად და პასუხი გაეცეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით. ეს მუხლი კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს.
სენატორ გრემის განცხადებით, პუტინის რუსეთს ნათლად უნდა გააგებინონ, რა მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ლინდსი გრემის თქმით, მათი გზავნილი ეხება პუტინის გარემოცვასაც, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ თუ მის შესაძლო ბრძანებას შეასრულებენ, ნატოსთან ომი მოუწევთ.
სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია ვლადიმირ პუტინს და მის სამხედროებს გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ან ატომური ელექტროსადგურის დანგრევის შემთხვევაში, მათ ნატოს ძალები გაანადგურებენ. როგორც ბლუმენტალმა თქვა, პუტინის გენერლები ამ გზავნილს სერიოზულად უნდა მიუდგნენ.
რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა სენატორების ინიციატივას უწოდა „აბსურდული სპეკულაცია“, „იაფფასიანი რიტორიკა“ და რუსეთისადმი „ბრმა სიძულვილის მორიგი გამოვლინება“.
ანტონოვის განცხადებით, „რუსეთი იყო და არის პასუხისმგებლობიანი ბირთვული სახელმწიფო, რომელიც, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, განსაკუთრებულად პასუხისმგებელია მშვიდობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე". ანტონოვის თქმით, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი კანონიერად განათავსა და არცერთი საერთაშორისო ვალდებულება არ დაურღვევია.
- რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის „თხოვნით“, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
- 9 ივნისს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ პროცესი დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს დასრულდება ბელარუსში შესაბამისი საცავის მომზადება.
- 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელარუსშია და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.