ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ამის შესახებ, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა კალიფორნიაში, მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან შეხვედრისას.
ორი დღით ადრე, 17 ივნისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა დაიწყო ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება.
- რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის „თხოვნით“, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
- 9 ივნისს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ პროცესი დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს დასრულდება ბელარუსში შესაბამისი საცავის მომზადება.
- 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელარუსშია და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.