„მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ერთი გამარჯვება, ფაქტობრივად, მოპოვებულია.
„კოშმარული ღამე აქვს „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს. მძიმეა, ცხადია, მათთვის. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გამოგონილი, შეთითხნილი ბრალდებით ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი.
უამრავი რეზოლუცია და განცხადება გვინახავს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, როგორც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე ნიკა გვარამიას თავისუფლების მნიშვნელობაზე. ერთი გამარჯვება ფაქტობრივად მოპოვებულია, ახლა მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. შემდეგ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს ეს ქვეყანა რუსული გავლენებისგან", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეკითხვაზე, სად ისურვებთ, რომ ნიკა გვარამიამ გააგრძელოს საქმიანობა, პოლიტიკოსმა უპასუხა: „ნიკა გვარამია არის მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი, ფანტასტიკური მენეჯერია. ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა, ზოგადად, მისი კონსტიტუციური უფლებაა, თავად გადაწყვეტს. ნიკა ძალიან ჭკვიანი, განათლებული ადამიანია. მგონია, რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის იმ პოზიციიდან, რომელზეც იყო - „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი. ამიტომ, რაიმე დამატებითი განცხადება ჩემი მხრიდან სპეკულაციების საგანი გახდება".
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, შეიტანს თუ არა კორექტივებს გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება ოპოზიციურ ფლანგზე, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: „ოპოზიციურ პროდასავლურ არხს მხოლოდ გამოადგება, გააძლიერებს. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ივანიშვილი".
ხაბეიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. „პოლიტიკა მოულოდნელობებით არის სავსე, ზოგადად. არც მე არ მქონდა მოლოდინი, პირდაპირ გეტყვით. თუმცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, რატომ მიიღო ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება, დეპუტატმა უპასუხა: „ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა არის ძალიან დიდი, როგორც მიხეილ სააკაშვილის თემასთან, ასევე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ერთი გადაწყვეტილება მიიღო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე ეჭვი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდება „რუსულ ოცნებას“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
„მთავარი არხის" დირექტორმა თამთა მურადაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გვარამიას პენიტენციური დაწესებულებიდან დღესვე გაათავისუფლებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).
21 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და ახსენეს ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონში.