Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანსი ახლა გაქვთ, დააჩქარეთ სამუშაოები - ევროკომისარი ვარჰეი


ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ასოცირებულ ტრიოს, მათ შორის საქართველოს მიმართავს
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ასოცირებულ ტრიოს, მათ შორის საქართველოს მიმართავს

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.

ხუთშაბათს, 22 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრება, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველომ:

  • 3 რეკომენდაცია სრულად შეასრულა;
  • 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
  • 7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
  • 1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.

მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე, მოეთხოვებათ თუ არა ქვეყნებს რეკომენდაციების „სრულად შესრულება“ ოქტომბრამდე, თუ ზოგიერთ მათგანზე „კარგი პროგრესიც“ საკმარისი იქნება, ევროკომისარმა ვარჰეიმ უპასუხა:

„დღევანდელი დებატებიდან ცხადია, რომ წევრ ქვეყნებს სურთ ყველა კრიტერიუმი შესრულდეს. თუმცა, იმედი მაქვს, - მათი გაწეული სამუშაოდან გამომდინარე, - რომ ეს მიღწევადი იქნება“.

„თუკი ვინმეს უნდა ევროკავშირში შესვლა, ახლა აქვს შანსი. ასე რომ, გამოიყენეთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. წინა კვირას მქონდა პატივი, შევხვედროდი [საქართველოს] პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში. მესიჯი ასეთი იყო: იცით, რაც არის საჭირო. ასე რომ, გააკეთეთ. გააკეთეთ, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. და მზად ვართ, დაგეხმაროთ. მაგრამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოთ. ასე რომ, დააჩქარეთ სამუშაოები ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში სრულად შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზეც, უკრაინაზეც, მოლდოვაზეც“, - განაცხადა მან.

ევროკომისარ ვარჰეის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ევროპული საბჭოს მხრიდან და „თუ ყველაფერი შესრულებული იქნება, საქართველოს ექნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა“.

XS
SM
MD
LG