Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურელი მაღაროელები მესამე დღეა თბილისში, პარლამენტთან მართავენ აქციას


თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გრძელდება ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. 21 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ 4 მოშიმშილე დაემატა, რომლებიც ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევენ. ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა გიორგი კუპატაძეც, მაღაროელი, რომელმაც 18 ივნისს თვალები ამოიკერა პროტესტის ნიშნად. აქციაზე გამომსვლელთა თქმით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაძლოა, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო შეექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც.

"გვაშანტაჟებენ, გვემუქრებიან, რომ სამსახურში აღარ დაგვაბრუნებენ იმის გამო, რომ ხმა ავიმაღლეთ. ჩვენ სამსახურში დაბრუნდებით ისე გამარჯვებულები, როგორც ჩვენ გვინდა", - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა და დამსაქმებელი დაადანაშაულა მათი ხელფასების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში.

"ჯორჯიან მანგანეზში" რადიო თავისუფლებასთან უარყვეს გაფიცული თანამშრომლების ბრალდებები როგორც ზეწოლაზე, ასევე ხელფასის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე.

"პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკება და ურთიერთნდობის აღდგენა. ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ საწარმოები და გავზარდოთ ხელფასები 5%-ით", - გვითხრეს კომპანიაში. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი ზრდაა, რისი საშუალებაც, კომპანიის მენეჯმენტის თქმით, "ჯორჯიან მანგანეზს" ამ ეტაპზე არ აქვს.

ბოლო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით და მედიატორის მონაწილეობით, კვირას, 18 ივნისს, გაიმართა. ჭიათურიდან თბილისში პროტესტის გადატანის გადაწყვეტილებაც სწორედ მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 ივნისის შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა.

გაფიცული თანამშრომლები გარდა ხელფასების მატებისა, საუბრობენ უსაფრთხო სამუშაო სივრცის საჭიროებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაც "ჯორჯიან მანგანეზს" მოაქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სთხოვენ, ჩავიდნენ ადგილზე და საკუთარი თვალით ნახონ და აჩვენონ საზოგადოებას, როგორი მძიმე პრობლემების წინაშეა ჭიათურაში მცხოვრებთა დიდი ნაწილი.

XS
SM
MD
LG