Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიამ 160 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა


ფოტოილუსტრაცია: ავტობუსი, რომლის მსგავსსაც თბილისის მერია ყიდულობს
ფოტოილუსტრაცია: ავტობუსი, რომლის მსგავსსაც თბილისის მერია ყიდულობს

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ 50 ავტობუსი 2024 წლის აპრილამდე ჩამოვა საქართველოში.

ხელშეკრულება დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

"შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ", - თქვა მერმა კახა კალაძემ.

ავტობუსის მახასიათებლები:

  • მწარმოებელი - MAN-ი;
  • მოდელი - MAN Lion's City 18C;
  • გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
  • გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
  • სიგრძე - 18,06 მეტრი;
  • სიგანე - 2,55 მეტრი;
  • სიმაღლე - 3,34 მეტრი;
  • კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების, ორფრთიანი);
  • იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
  • ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
  • მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
  • შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
  • ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
  • გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
  • ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა თითქმის 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.

სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.

2019 წლის თებერვალში კალაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრში, 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

XS
SM
MD
LG