Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი მოხალისე დაიღუპა


ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.
ფოტო არქივიდან: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. სააგენტო "რესის" თანახმად, 31 წლის აივენჰო ტეხოვი დიდი ხნის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო ტელევიზიაში, „ირში“, ჟურნალისტად მუშაობდა, 2022 წელს კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქ საბრძოლველად წავიდა. იგი ჩაეწერა მოხალისეთა ბატალიონ „შტორმ-ოსეტიაში“, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული მოხალისე ჯარისკაცებით არის დაკომპლექტებული.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო ორ კვირაში ეს უკვე მესამეა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაიღუპა.

5 ივნისს დე ფაქტო რესპუბლიკაში უკრაინიდან გადაასვენეს კიდევ ერთი მებრძოლი ჰენრიხ კასაევი. ის იანვრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ დნმ-ის ანალიზის შემდეგ დადგინდა მისი ვინაობა. საინფორმაციო სააგენტო "რესის" ცნობით, კასაევი გამოცდილი მებრძოლი იყო, ის 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. 47 წლის კასაევი კონტრაქტით რუსეთის 58-ე არმიის მეოთხე ბაზაზე მსახურობდა და კონტრაქტის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ჰენრიხ კასაევი სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.

ივნისის დასაწყისში გავრცელდა ცნობა 32 წლის აცამაზ სლანოვის დაღუპვის შესახებაც. ის უკრაინის ქალაქ ვოლნოვახასთან ბრძოლის დროს დაიღუპა. სლანოვი ოკუპირებული ჯავის მცხოვრები იყო.

ღია წყაროების ინფორმაციით, ცნობილია რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალიდან 30 მებრძოლია დაღუპული. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ატყობინებენ, რომ ორი ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში ორჯერ გაიწვიეს.

2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.

XS
SM
MD
LG