Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ხსნის, რატომ შეიძლება არ იწვევდნენ უკრაინაში


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ამ დრომდე უკრაინაში არ ჩასულა. მისი სიტყვებით, მუდამ მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად, თუნდაც ხვალვე. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, აქამდე რატომ არ მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

„ეს პირადული არ არის, ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ამიტომ, გარკვეული აზრით, მე ამის შედეგებს ვგრძნობ, მაგრამ, ისევ და ისევ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ასეთი შესაძლებლობა გვექნება, ვფიქრობ, ასეთი შესაძლებლობა "ყირიმის პლატფორმაზე" გაჩნდება“.

კითხვაზე კი, მიიღო თუ არა უკვე მიწვევა, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ჯერ არა - „ვფიქრობ, ეს ჯერ არაა ორგანიზებული“.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ.

"სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - თქვა ზურაბიშვილმა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი - დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

გასული წლის აგვისტოში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში.

"ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

"ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG