Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე


ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

ვენეციის კომისიის თანახმად, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს იმის საფრთხე, რომ გამჭვირვალობის, ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა კონცენტრირდეს კერძო პირის ხელში. ვენეციის კომისია განმარტავს, რომ ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთკავშირის მქონე საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა შეამციროს დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის. ამგვარ ზომებს შორისაა კონკურენციის სფეროში ეფექტიანი პოლიტიკა, ბრძოლა კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან, მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფა, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დადგენა და ა.შ.

ვენეციის კომისიის განცხადებით, ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად საქართველომ ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად აირჩია პერსონალური მიდგომა და მიუხედავად იმისა, რომ კანონის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენება საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, შემუშავდეს კორექტირებული, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა, ან ზომები, რომლებიც მოიცავს:

  • ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;
  • მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის(GRECO) რეკომენდაციების შესაბამისად;
  • სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
  • მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებას;
  • პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
  • ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
  • ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას;
  • შეფასებას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ოლიგარქიული გავლენის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით, დანერგოს ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით გაუმკლავდება ოლიგარქიზაციის პრობლემას და ეს განახორციელოს დაუყოვნებლივ, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულებით.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მისი რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

  • დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
  • 2022 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ და რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.
  • 2023 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რასაც წინ უძღოდა პირველი მოსმენით მიღებულ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა. მეორე მოსმენისთვის მომზადებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.
XS
SM
MD
LG