Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჩართულობა რეკომენდებულზე 5-ჯერ ნაკლებია - აუდიტი


პაციენტი მამოლოგთან, ძუძუს სკრინინგის პროცედურაზე
პაციენტი მამოლოგთან, ძუძუს სკრინინგის პროცედურაზე

აუდიტის სამსახურმა დაავადებების პრევენციის პროგრამების ეფექტურობა შეისწავლა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში, სადაც წლიდან წლამდე მზარდია სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები, კიბოს პრევენციის პროგრამები არაეფექტურად მუშაობს. ამ პროგრამების დანერგვიდან წლების შემდეგაც, მწირია მოსახლეობაში ცოდნა სერვისების შესახებ, სახელმწიფო კი არასაკმარის ძალისხმევას სწევს ცნობიერიების ასამაღლებელ კამპანიებზე. გამოწვევად რჩება სერვისებზე თანაბრად მისაწვდომობის საკითხიც და ამ მხრივ თვალშისაცემია განსხვავება ცენტრსა და პერიფერიებში.

სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუკი მასში ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (60%-70%). საერთაშორისო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ სკრინინგის კარგად ორგანიზებული პროცესი და სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ადრეულ გამოვლენას და ამცირებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხარჯებს.

"საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს, რაც აისახება დაავადებათა ადრეული გამოვლენის მაჩვენებელზე", - წერს აუდიტის სამსახური.

გლობალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 70-ე ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე კიბოს გამოვლენილი შემთხვევების ოდენობით (191.3), თუმცა 38-ე ადგილზე − სიკვდილიანობის მიხედვით (111.3), მაშინ როდესაც სკრინინგის პროგრამების განხორციელების კარგი პრაქტიკის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებლები პირიქითაა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა დაახლოებით 43% ავადობის მესამე და მეოთხე სტადიაზე გამოვლინდა, რაც ადასტურებს იმას, რომ სუსტია სიმსივნის ადრეული გამოვლენის მოქმედი მექანიზმები და საჭიროა სკრინინგის პროგრამების გაუმჯობესება.

დღეს საქართველოში შესაძლებელია სამი ტიპის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს და კოლორექტული კიბოს სკრინინგპროგრამებს თბილისში თბილისის მერია და რეგიონებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას უფასოდ სთავაზობენ. აუდიტის სამსახური წერს, რომ:

  • კოლორექტული კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.1%-დან 5%-მდე;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.9%-დან 15.9%-მდე;
  • ძუძუს კიბოს სკრინინგით მოცვის მაჩვენებლები მუნიციპალურ დონეზე მერყეობს 0.6%-დან 18.7%-მდე.

მოცვა განსხვავებულია მიმწოდებლის მქონე და მიმწოდებლის არმქონე მუნიციპალიტეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ არის სერვისის მიმწოდებელი, სამიზნე მოსახლეობის მოცვა 3-ჯერ ნაკლებია მიმწოდებლის მქონე მუნიციპალიტეტებთან შედარებით.

აუდიტის სამსახური წერს, რომ მოსახლეობის 40%-ზე მეტს არ აქვს ინფორმაცია სკრინინგპროგრამების შესახებ. 2019 წლის შემდეგ სახელმწიფოს სკრინინგპროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია არ ჩაუტარებია.

საქართველოში სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი მაღალი წილი საერთო გარდაცვალების სტატისტიკაში ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას აჩვენებს.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომრებზე: 116001 ან 1505

XS
SM
MD
LG