Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი გმობს კახოვკის ჰესზე თავდასხმას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება უკრაინის კახოვკის ჰესზე "საშინელ თავდასხმას", გმობს მას და წერს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ ომის მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკის" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

კახოვკის დე ფაქტო მერის, ვლადიმირ ლეონტიევის თანახმად, ღამის ორი საათისთვის უკრაინულმა მხარემ „ჰესზე მრავალრიცხოვანი დარტყმები განახორციელა“, რის შედეგადაც დაზიანდა ურდულები და დაიწყო საცავიდან წყლის უკონტროლო დინება.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ კახოვკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ღამით სროლა არ ყოფილა და ჩამოინგრა კაშხლის ერთ-ერთი დაზიანებული საყრდენი.

XS
SM
MD
LG