Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული წყაროები განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ კახოვკის ჰესზე მომხდარი ავარიის შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. კომპანია Maxar-ის მიერ კახოვკის ჰესისთვის გადაღებული სატელიტური ფოტო
საილუსტრაციო ფოტო. კომპანია Maxar-ის მიერ კახოვკის ჰესისთვის გადაღებული სატელიტური ფოტო

რუსული წყაროები განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ კახოვკასთან მდებარე ჰესზე მომხდარი ავარიის შესახებ. ჰესი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

კახოვკის დე ფაქტო მერის, ვლადიმირ ლეონტიევის თანახმად, ღამის ორი საათისთვის უკრაინულმა მხარემ „ჰესზე მრავალრიცხოვანი დარტყმები განახორციელა“, რის შედეგადაც დაზიანდა ურდულები და დაიწყო საცავიდან წყლის უკონტროლო დინება.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ კახოვკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ღამით სროლა არ ყოფილა და ჩამოინგრა კაშხლის ერთ-ერთი დაზიანებული საყრდენი.

უკრაინის ხელისუფლება კახოვკის ჰესის აფეთქებაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ადანაშაულებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

კახოვკის ე.წ. მერის განცხადებით, დატბორვის საფრთხის წინაშეა 300-მდე სახლი და იქ მცხოვრებთა ევაკუაციისთვის ზომებს მიმართავენ. ჰესის დაზიანების გამო წყალმომარაგების პრობლემა შეექმნება ანექსირებულ ყირიმს.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ხერსონის ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

XS
SM
MD
LG