Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ააფეთქეს კახოვკის ჰესის კაშხალი


ფოტო არქივიდან. კახოვკის ჰიდროელექტროსადგური
ფოტო არქივიდან. კახოვკის ჰიდროელექტროსადგური

უკრაინის ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ააფეთქეს ქალაქ კახოვკასთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.

ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხერსონის ოლქის პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში განგაში გამოცხადდა და მათ დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ წყლის დონე იმატებს, ამიტომ რისკის ზონაში მცხოვრებნი პოლიციელების და მაშველების ინსტრუქციებს უნდა დაემორჩილონ და ამასთან, არ ენდონ საოკუპაციო ძალების მიერ, დანაშაულზე პასუხისმგებლობის არიდების მიზნით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ხერსონის ოკუპირებული ნაწილის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ კაშხლის ერთი საყრდენი დაზიანების გამო ჩამოინგრა და ტერიტორიის დატბორვა დაიწყო. სააგენტოს წყაროს თანახმად, ღამით სიმშვიდე იყო და შეტევა არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG