რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვას შორის კონფლიქტი განიხილეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მოწვეულ უშიშროების სხდომაზე, ამ განცხადებით 3 ივნისს პრიგოჟინი გამოვიდა, მისი პრესსამსახურის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ შეტყობინებაში.
საქმე ეხება გამონათქვამებს, რომლებიც ეკუთვნით კადიროვის ნათესავს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვს, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვს და სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურ აპტი ალაუდინოვს. მათ 1 ივნისს პრიგოჟინი გააკრიტიკეს დიდი დანაკარგების და რუსეთის ჩინოვნიკების მიმართ კრიტიკისთვის. დელიმხანოვმა "ვაგნერის" მეთაურს ურჩია, დაენიშნა "დრო და ადგილი", სადაც მას "აუხსნიდნენ, რაც არ ესმის". დაუდოვმა პრიგოჟინს შესთავაზა "პირადად შეხვედრა" და "კაცური დალაპარაკება".
იმავე დღეს განცხადებით გამოვიდა "ვაგნერის" მეთაური დმიტრი უტკინი. მისი თქმით, დაქირავებული მებრძოლები მზად არიან "კაცური ლაპარაკისთვის", რადგან კადიროვის გარემოცვას "ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან" იცნობენ. ვარაუდობენ, რომ ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ უტკინი და ჩეჩნეთის ომის ვეტერანი "ვაგნერელები" მაშინ იბრძოდნენ დელიმხანოვის და დაუდოვის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელები სეპარატისტების მხარეს იყვნენ.
პრიგოჟინი 1 ივნისს გამოვიდა შემრიგებლური განცხადებებით. ახლა კი ამბობს, რომ მას კადიროვმა დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ ამ ამბავს "დაამუხრუჭებენ". ვითარებაში პუტინის ჩარევის დეტალები პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ არაფერს იტყვის დელიმხანოვის და დაუდოვის განცხადებებზე, რადგან "ჩემგან ნებისმიერი პასუხი შეიძლება აღიქვან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებადო".
პრიგოჟინის თქმით, კადიროველებთან კონფლიქტი "კრემლის ერთ-ერთმა კოშკმა" გააჩინა, რომელსაც "არ ესმის, რას აკეთებს", "საშიში თამაშებით ანადგურებს რუსეთის სახელმწიფოს".
კრემლს ამ ვითარებაზე განცხადება არ გაუვრცელებია. პუტინი უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა 2 ივნისს, თუმცა ოფიციალური მონაცემებიდან არ ჩანს, რომ შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტი "ვაგნერსა" და გროზნოს შორის.