Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ის შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია უხეში ფორმით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა", - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე დააკვირდებიან აქციის მიმდინარეობას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას.

2-3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას მოითხოვენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ერთობლივი განცხადების ავტორთა ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.

2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი". ამავე სიტყვას სკანდირებდნენ ის მყოფი დემონსტრანტები.

2 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.

გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ასე ეხმიანება ომბუდსმენი გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სწორედ ამ ქმედებისთვის ბექა გრიგორიადისის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამის, დაკავებას.

XS
SM
MD
LG