Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს პარლამენტთან სამი პირის დაკავებას ადასტურებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში.

პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ სამ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ორი პირის დაკავების საფუძველი გახდა ამავე კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლები, ერთი კი 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულთა შორის არის ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მას ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი". ამავე სიტყვას სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

დაკავებების შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

„დღეს სამი ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეკავათ წარწერით „ირაყლი”. სწორედ ამიტომ იგივე წარწერით უფლებადამცველები შევიკრიბეთ.
ჩვენ აშკარად არ გვიჭერენ, ვდგავართ უკვე ნახევარი საათია პოლიციელებით გარშემორტყმულები.

ეს არ არის რუსეთი! ეს საქართველოა! საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ და არ დავთმობთ! არც ქვეყანას დავუთმობთ „რუსულ ოცნებას" - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე ბაია პატარაიამ.

2 ივნისი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ.
2 ივნისი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ.

2 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.

გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ასე ეხმიანება ომბუდსმენი გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სწორედ ამ ქმედებისთვის ბექა გრიგორიადისის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამის, დაკავებას.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG