რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ უკრაინასთან 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დენონსაციას. შესაბამისი კანონპროექტი პრეზიდენტმა პუტინმა დუმას 24 მაისს წარუდგინა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, „რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღებით შეიქმნა კარდინალურად ახალი სიტუაცია და ქერჩის სრუტის და აზოვის ზღვის სანაპიროები ამიერიდან მხოლოდ რუსეთს ეკუთვნის“.
რუსეთმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები თავის ტერიტორიად გამოაცხადა 2022 წლის სექტემბერში, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წლის დეკემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ნაოსნობის წესებს განსაზღვრავს, წერია, რომ „აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე ისტორიულად წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის და უკრაინის შიდა წყლებს“.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის პარლამენტმა გაუქმებულად გამოაცხადა ყველა შეთანხმება, რომლებიც ეხებოდა აზოვის ზღვაში უკრაინა-რუსეთის თანამშრომლობას. აზოვის ზღვას შავ ზღვასთან ქერჩის სრუტე აკავშირებს.