Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში, რაც 8 ოქტომბერს მოხდა, უკრაინის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი.

რუსეთის ტელეარხებმა კვირას საღამოს აჩვენეს კადრები პუტინის შეხვედრიდან საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინთან. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აფეთქებასთან კავშირი ჰქონდათ არა მხოლოდ უკრაინის სპეცსამსახურებს, არამედ რუსეთისა და უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეებს.

ბასტრიკინმა თქვა, რომ აფეთქების შესახებ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის“ მუხლით და რომ თითქოს ფსბ-ს თანამშრომლებმა უკვე დაადგინეს ხიდის აფეთქებისთვის პასუხისმგებლები. პუტინმა აფეთქებას უწოდა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დანგრევისკენ მიმართული ტერაქტი“.

„ავტორები, შემსრულებლები, დამკვეთები - უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, - დასძინა პუტინმა.

აფეთქება ქერჩის (ყირიმის) ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს დილით მოხდა. ხიდზე მთლიანად შეწყვეტილი იყო მოძრაობა. რუსეთის საგამოძიებო უწყებების თანახმად, აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ანექსირებული ყირიმის მიმართულებით მოძრაობდა ხიდზე. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოედო საწვავის გადამზიდი მატარებლის შვიდ ცისტერნას. დაიღუპა სამი ადამიანი. ჩაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი მონაკვეთი.

ბასტრიკინის თქმით, სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან მიემგზავრებოდა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და შემდეგ კრასნოდარის მხარის გავლით. მიმომხილველთა აზრით, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო მანქანა სომხეთში, რომელიც არ ესაზღვრება რუსეთს. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ სატვირთო მანქანის მფლობელი არის კრასნოდარელი ბიზნესმენი, საჭესთან კი მისი ნათესავი იმყოფებდა.

ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე განახლდა მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა. ასევე განახლდა მატარებლების მიმოსვლა.

უკრაინის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიესალმა მომხდარს. ამავე დროს კიევს საკუთარ თავზე არ აუღია აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა იყოს რუსეთში ხელისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის შედეგი. აშშ-მა კომენტარი არ გააკეთა აფეთქებაზე და მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის პასუხისმგებელია რუსეთი. წამყვანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების გამონათქვამების საფუძველზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ აფეთქება შესაძლოა უკრაინის სპეცსამსახურების მოწყობილი იყოს.

როგორც იტყობინებიან, პუტინი ორშაბათს უშიშროების საბჭოს წევრებთან თათბირს გამართავს.

XS
SM
MD
LG