ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური მოვლენების „კომენტატორის ფუნქციიდან" აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს.
„მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, როცა ქვეყანა არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, პრემიერი ღიად საუბრობს NATO-ს წევრობის უგულებელყოფაზე, ადანაშაულებს ომის გაჩაღებასა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაში დასავლეთს, პრეზიდენტს, ბუნებრივია, განსაკუთრებული რეაგირება მართებს კონსტიტუციურ ფარგლებში, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ადეკვატურად უპასუხოს. ამიტომ, ეს მოხსენება კარგ მოხსენებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ პრეზიდენტი უნდა გადავიდეს პოლიტიკური მოვლენების კომენტატორის ფუნქციიდან აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე. დალაგებული გზავნილებით, დავარცხნილად საუბარი არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ადეკვატურად პასუხობს.
ვფიქრობ, ზურაბიშვილის პოლიტიკა არის ერთი მედლის ორი მხარე, რადგან „ქართული ოცნება" მწვავე განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილი მის შერბილებას ახდენს, მაგრამ პრეზიდენტიც და მთავრობაც ერთ მიზანს ემსახურებიან და ეს მიზანი არ ესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - თქვა ბეჟაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, შეწყალების უფლებამოსილება მისია. პრეზიდენტმა ასევე ხელისუფლების გასაგონადაც თქვა, რომ მის მიმართ მუქარა საჭირო არ არის. ამ და სხვა საკითხებზე სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ევროპარლამენტში, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა 13 წლის შემდეგ პირველად მიმართა დეპუტატებს.