Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, შეწყალების უფლებამოსილება მისია. პრეზიდენტმა ასევე ხელისუფლების გასაგონადაც თქვა, რომ მის მიმართ მუქარა საჭირო არ არის. ამ და სხვა საკითხებზე სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ევროპარლამენტში, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა 13 წლის შემდეგ პირველად მიმართა დეპუტატებს.

"გარკვეული ჩარევების გათვალისწინებით, რაც მივიღე, მინდა ასევე ცხადი ვიყო, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ საკითხში თანაბრად უნდა იყოს დაცული როგორც პატარა, ასევე დიდი ქვეყნის წარმომადგენლობისთვის.

შეწყალების უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე. ასევე მინდა მივმართო ზოგიერთს სამთავრობო წრიდან, რომ არ არის საჭირო ჩემ მიმართ მუქარის მცდელობა, რადგან გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია", - თქვა ზურაბიშვილმა.

მანვე გაიხსენა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას შეწყალება და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებებს მაღალი პოლიტიკური ფასი მოჰყვა:

"პოლიტიკური დაძაბულობის აღმოსაფხვრელად და შეთანხმებების დასაძლევად ოპოზიციური ფიგურების სამჯერ შეწყალების გადაწყვეტილებებს მაღალი პოლიტიკური ფასი მოჰყვა პოლარიზებულ პოლიტიკურ ატმოსფეროში".

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. ახლა საქმე უზენაეს სასამართლოშია განსახილველად.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ერთ-ერთი ბოლო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა 27 მაისს. პრეზიდენტისგან ამ გადაწყვეტილების მიღება ითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ჟურნალისტებმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმაც.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "პოზიცია არის ის, რომ თავისუფლება არის მთავარი".

XS
SM
MD
LG