Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდა


ბაჩუკი ქარდავა, დეპუტატი
ბაჩუკი ქარდავა, დეპუტატი

დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით მოხვდა, იმ ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებმაც დღეს, 17 მაისს, მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევ კენჭისყრაში. დეპუტატმა "TV პირველის" ეთერში თქვა, რომ აპირებდა, ყველა კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.

ბაჩუკი ქარდავა, ერთი მხრივ, ამბობს, რომ 29-ვე კანდიდატის მხარდაჭერას ფიქრობდა, თუმცა, მეორე მხრივ, არ ადასტურებს, რომ ხმა მისცა იმ არამოსამართლე წევრებს, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა.

"მე ვგეგმავდი, აქტიურად მქონდა სურვილი, რომ ოპოზიცია ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში... ვიღაცას შეიძლება მივეცი ხმა, ვიღაცას არ მივეცი, ესენი არ იყვნენ "ქართული ოცნების" კანდიდატები. მე არ ვიცი, რას ნიშნავს "ქართული ოცნების" კანდიდატები. იდეაში, ვფიქრობდი, ხმა მიმეცა ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, დარბაზში იყო გაუგებრობა, მე შევწყვიტე ხმის მიცემა. მას შემდეგ კი, რაც ბოიკოტი გამოცხადდა, დავტოვე დარბაზი", - თქვა ბაჩუკი ქარდავამ.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, არჩეული სამი კანდიდატიდან რომელიმეს დაუჭირა თუ არა მხარი. დეპუტატმა თავი შეიკავა კონკრეტული გვარების დასახელებისგან.

"მე არ დამიდასტურებია, რომ სამი კანდიდატი, რომელიც გავიდა, გავიდა ჩემი ხმით. მე ამას არ ვადასტურებ... ვადასტურებ, რომ რამდენიმეს მივეცი ხმა", - უპასუხა პოლიტიკოსმა ჟურნალისტს.

ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის არ არსებობდა შეთანხმება, არ მიეღოთ მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესში.

"მე მგონია, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ემოციური განცხადება გააკეთა, შეფასებებში იჩქარა, სხვადასხვა ტერმინებით შეამკო ესა თუ ის ადამიანი. მიმაჩნდა, რომ ეს არ არის სწორი. მაშინ, როცა ოპოზიციაში არსებობს შეთანხმება - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იყო შეთანხმება და პრობლემა არ შექმნილა. მე ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიციაში, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, საეჭვო ჰქონდეთ. თუ რამე მოხდა დღეს, ეს გაუგებრობასა და ნაკლებ კოორდინაციას უნდა მივაწეროთ...

თუ იქნებოდა შეთანხმება, გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და ოპოზიციიდან არავის მიგვეცა ხმა ისე, როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნის დროს მოხდა, ვყოფილიყავით ერთიანი, მე ამ პოზიციას დავუჭერდი მხარს", - აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა - 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ "ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ოპოზიციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სხდომას მართავს. ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია იმ დეპუტატებთან თანამშრომლობა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG