Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტში დაკავებული აკოფაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელმაც უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე


მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი თორნიკე აკოფაშვილის სასამართლოს სხდომაზე. 15 მაისი, 2023 წელი
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი თორნიკე აკოფაშვილის სასამართლოს სხდომაზე. 15 მაისი, 2023 წელი

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის თორნიკე აკოფაშვილის საქმე დაეწერა მოსამართლეს, რომელმაც კოლეგის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე. ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ - მიაჩნიათ, რომ ის მიკერძოებულია და არ არის დამოუკიდებელი.

რომეო ტყეშელაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 39 წლის მოსამართლემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორთვიანი სასწავლო ვიზიტით წასვლაზე ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სოლიდარობის ნიშნად თქვა უარი. 2022 წლის ივლისში ის ამბობდა, რომ არ ჰქონდა “მორალური უფლება” წასულიყო აშშ-ში, როცა მისი კოლეგა პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.

"მოსამართლის მიერ მიღებულ რომელიმე გადაწყვეტილებაზე რაიმე ანგარიშის მოთხოვნა არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება", - ასე ახსნა მაშინ რომეო ტყეშელაშვილმა თავისი გადაწყვეტილება.

რომეო ტყეშელაშვილმა კოლეგები დაიცვა მაშინაც, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს დაუწესა სანქციები - მან ფეისბუკზე ამ გადაწყვეტილებას “მორიგი ცრუ ბრალდებები” უწოდა. 12 მაისს კი იმყოფებოდა "მოსამართლეთა დღის" აღსანიშნავ წვეულებაზე გორში, რომელსაც აშშ-სგან სანქცირებული მოსამართლეებიც ესწრებოდნენ.

ეს სამი ფაქტობრივი გარემოება დაასახელეს თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატებმა მოსამართლის აცილებისთვის საჭირო ობიექტურ გარემოებებად.

"თქვენთვისაც არაკომფორტული უნდა იყოს ისეთ პროცესში მონაწილეობა, სადაც დაცვის მხარე არ გენდობათ. თქვენ ვერ იქნებით ვერც დამოუკიდებელი, ვერც სამართლიანი და ვერც მიუკერძოებელი. მარტო ჩვენ კი არ გიცხადებთ უნდობლობას, უნდობლობას გიცხადებთ ის 70 000 ადამიანი, ვინც იდგა რუსთაველზე იმ აქციაზე, სადაც ბრალდებული დააკავეს და რომელთა ნაწილი ახლა დარბაზშია", - უთხრა ადვოკატმა თეკო მიგინეიშვილმა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს აცილების შუამდგომლობის დაყენებისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე, რომლის განხილვასაც სასამართლო იწყებს, პოლიტიკურად არის მოტივირებული და მნიშვნელოვანია მიუკერძოებელმა მოსამართლემ განიხილოს.

ერთადერთი, ვისაც ამ საქმის აცილებაზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თავად მოსამართლე ტყეშელაშვილი იყო. მან დასახელებულ გარემოებებს “ცრუ ბრალდებები” უწოდა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მან თქვა, რომ არ აქვს რაიმე სახის სუბიექტური ინტერესი ამ საქმის მიმართ.

"შემდეგშიც იქნება მსგავსი შეკრებები და ვერ გამოვაკლდები ნამდვილად", - უთხრა 12 მაისის შეკრების შესახებ მოსამართლემ ადვოკატებს.

რომეო ტყეშელაშვილმა დაცვის მხარეს მოუწოდა, "აღარ შევიდეს დისკუსიაში" ამ საკითხებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ “სასამართლოს კლანზე” საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. მისი თქმით, მოსამართლეების სანქცირებისას მტკიცებულებები საქართველოში “კლანის” არსებობაზე არც შეერთებულ შტატებს წარუდგენია.

ამავე სხდომაზე, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა მოქალაქე, რომელმაც პროკურორის მიერ ბრალის წაკითხვისას ხმამაღალ რეპლიკად თქვა სიტყვა “ტყუილი.”დარბაზიდან გაძევებული ალბი კორძაია ამ რეპლიკით არ დაეთანხმა ბრალდებას, რომლის თანახმადაც თორნიკე აკოფაშვილმა ფიზიკური ტანჯვა მიაყენა პოლიციელს.

რომეო ტყეშელაშვილი საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე 2022 წლის ნოემბერში გახდა - მანამდე ის ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე იყო.

21 წლის თორნიკე აკოფაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი, უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი, 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით 8 მარტს დააკავეს. ვიდეომტკიცებულება, რომლითაც პროკურატურა მისი დანაშაულის დამტკიცებას შეეცდება, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის კუთვნილი ტელევიზიის, "პოსტივის" მიერ არის გადაღებული და მასში მხოლოდ ის ჩანს, როგორ ურტყამს თორნიკე რეზინის ლახტს სპეცრაზმელის ფარს. თორნიკე 10 მარტს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მომდევნო სხდომა ამ საქმეზე 26 ივლისს, 17 საათზე ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG