Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

РБК: რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები შესაძლოა 16 მაისიდან განახლდეს


რუსული ავიახაზები Azimut და ქართული Georgian Airways მომავალი კვირიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ, თუ საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ბოლო ფორმალობები დაკმაყოფილდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РБК წერს, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

აზიმუტს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს - 18 მაისიდან, ამბობენ ისინი.

„შესაძლოა არა 18 მაისს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. იმედი მაქვს, უახლოეს ათ დღეში დავიწყებთ ფრენებს“, - განუცხადა РБК-ს საქართველოს ავიახაზების პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა. მისი თქმით, აზიმუტი ნამდვილად ემზადება მომავალი კვირიდან თბილისის მიმართულებით ფრენებისთვის.

ორივე გადამზიდავმა შეატყობინა თბილისის აეროპორტს რუსეთიდან ფრენების შესახებ, უთხრა РБК-ს თბილისის აეროპორტის მმართველის, TAV Airports-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ერჰან უსტუნდაგმა. РБК-ს წყაროს ცნობით, აზიმუტი თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებზე ბილეთების გაყიდვის დაწყებას, წერს რუსული გამოცემა.

ასევე ცნობილია, რომ Azimut იფრენს Superjet თვითმფრინავით, რადგან ისინი ეკუთვნის რუსულ სალიზინგო კომპანიებს და არ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც კრძალავს მომსახურებას უცხოეთის აეროპორტებში. მსგავსი თვითმფრინავი ჰყავს გადამზიდველ Red Wings-ს, რომელმაც უკვე მოითხოვა საქართველოში ფრენების ნებართვა.

მანამდე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიახაზები და თვითმფრინავები განახორციელებენ.

XS
SM
MD
LG