სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უარი უთხრეს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე - ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე - გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. ის აცხადებს, რომ წინ არის მეორე ეტაპი, სარჩელის განხილვა, და იმედი აქვს, რომ მიღებული იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.
„მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მე პირადად ველოდებოდი. მე მგონი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ეს არის პირადი პატიმარი პუტინის. გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი. ნამდვილად არის მძიმე ავადმყოფი. ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც სინჯავდნენ.
სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ ჩამოსულიყვნენ. ეს კარგი იქნებოდა ძალიან, იმიტომ რომ ისინი ასევე დაადასტურებდნენ... ის, რომ არ მოხერხდა მათი ჩამოსვლა, ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი.
საქმე ის არის, რომ ეს არის პროცესი. ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქ ბოლოს და ბოლოს მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ამას ჩვენ კი არა, ელოდება ბევრი ადამიანი, ბევრი ქვეყანა. ჯერ ერთი, ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველა გამოკითხვამ გვაჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე", - განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, დაცვის მხარემ სარჩელის განხილვამდე გამოიყენა ყველა პროცედურული ბერკეტი.
„მინდა, გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით.
ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე. მისი ძირითადი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული, დროებითი ღონისძიება, სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება. დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებამდე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება, სწორედ, ამგვარი მექანიზმი იყო. ამ პროცედურულ საკითხზე ევროპულმა სასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვარშავაში, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ და დაამატა, - ჩვენი მოთხოვნა საქმის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანა".
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს, გაიგზავნა.
მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.