Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორები შაჰინი და რიში მოითხოვენ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას


საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის დროშა კონგრესის შენობასთან
საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის დროშა კონგრესის შენობასთან

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებისთვის შექმნას გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. „ამერიკის ხმამ“ მოიპოვა სენატორების მიერ სახელმწიფო მდივნისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი წერილის ასლი.

სენატის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში აცხადებენ, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უნდა დააკვირდეს 2024 წლის არჩევნებს, რათა დემოკრატიისთვის გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭირონ საქართველოს და ქართველ ხალხს.

სენატორები შაჰინი და რიში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ. მათი შეფასებით, ამ ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ხედავენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიას და იმის მზარდ ნიშნებს, რომ დემოკრატიისკენ საქართველოს სვლა შეჩერდა.

სენატორები 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მიიჩნევენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც:

„საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“.

სენატორების შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ საქართველოს არ მიანიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.

წერილში შაჰინი და რიში საუბრობენ ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. სენატორების შეფასებით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი "უცხოელი აგენტების შესახებ“ იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია".

სენატორები შაჰინი და რიში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამოც, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.

სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა(NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან(IRI) მჭიდრო კონსულტაციას სთხოვენ.

XS
SM
MD
LG