უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთისთვის „საკრალური“ დღის, 9 მაისის, ღამით „რაშისტებმა“ უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით.
სარდლობის ინფორმაციით, 8 მაისს, ღამის 10 საათისთვის, მოწინააღმდეგემ შავი ზღვიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ გაუშვა 8 ფრთოსანი რაკეტა(„კალიბრი“) და ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.
9 მაისს, დილის 4 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრინავიდან ტუ-95. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, 17 ფრთოსანი რაკეტიდან(Х-101/Х-555) 15 განადგურებულია. მათ შორის 14 ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და 1 - სამხრეთში.
უკრაინაში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის გამო გამთენიისას გამოცხადებული საჰაერო განგაში.
ხარკოვის, ზაპოროჟიეს და პოლტავის ოლქებიდან 03:30 საათისთვის დაწყებულმა განგაშმა მალევე მოიცვა უკრაინის მთელი ტერიტორია. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის გოლოსიივსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოცვენას ხანძარი მოჰყვა სახლის ეზოში. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დილის 6 საათის შემდეგ შეწყდა.