უკრაინაში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის გამო გამთენიისას გამოცხადებული საჰაერო განგაში.
ადგილობრივი დროით 03:30 საათისთვის ხარკოვის, ზაპოროჟიეს და პოლტავის ოლქებიდან დაწყებულმა განგაშმა მალევე მოიცვა უკრაინის მთელი ტერიტორია. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.
უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, კიევის თავზე მოგერიებულია 4 რუსული რაკეტა. კიევის გოლოსიივსკის და შევჩენკოს რაიონებში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დილის 6 საათის შემდეგ შეწყდა.