Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია და ISFED საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ


საილუსტრაციო ფოტო: ცესკოს შენობა
საილუსტრაციო ფოტო: ცესკოს შენობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე "ქართლი ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.

ISFED-ში აცხადებენ, რომ ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს:

"წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას - ნდობის ნაკლებობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შესახებ აქამდე არსებულ ფუნდამენტურ შეთანხმებას, მმართველი პარტიის მიერ აღებულ ვალდებულებებსა და კომპეტენტური ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს...

წარმოდგენილი კანონპროექტი აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, აძლევს რა მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას. ამავდროულად, გამორიცხავს პრეზიდენტის რეალურ მონაწილეობას ცესკოს დაკომპლექტებაში და მას უტოვებს უმნიშვნელო როლს, რათა კონსტიტუცია ფორმალურად არ იქნეს დარღვეული".

დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც". მათი შეფასებით, ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესსა და ევროინტეგრაციის პროცესს:

"მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც".

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, "რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება" და გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები.

დღეს, 8 მაისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კანონპროექტის ინიციატორები არიან "ქართული ოცნების დეპუტატები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

შემოთავაზებული ცვლილებით, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით - 5 წლით - ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონპროექტის შესახებ დღეს დილით ბრიფინგი გამართა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან გიორგი სიორიძემ. მან მედიას ცვლილების შინაარსი გააცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადებას იწყებს არჩევნებისთვის და ცესკოს, ფაქტობრივად, "ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს".

"ამ პაკეტით ხელისუფლება პროცედურებს ირგებს თავის თავზე, მას უკვე შეეძლება, რომ ცესკოს თავმჯდომარე მარტომ, ყველასთან შეუთანხმებლად აირჩიოს და შესაბამისად, პროცესი წარმართოს ანტიდემოკრატიულად ისე, როგორც მას მოესურვება", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

გიორგი სიორიძის ბრიფინგს ცესკო მალევე გამოეხმაურა და მის განცხადებას "საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის შემლახავი" უწოდა:

"ის რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას. გიორგი სიორიძე, როგორც ცესკოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული და ეთიკური ნორმები, იყოს მიუკერძოებელი. თუმცა, ამის საპირისპიროდ, დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა უწყების იმიჯის დამაზიანებელი პოლიტიკური კამპანიის საფუძველი".

ახლად ინიციირებული კანონპროექტის შესახებ ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, ექსპერიმენტმა [რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით მიიღეს] არ გაამართლა და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

„არსებული წესი არის აბსოლუტურად ხელოვნური, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. საბოლოოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიდგომა, თითქოს კვალიფიციური უმრავლესობა კონსენსუსის მიღწევის პანაცეაა, ტყუილია. ექსპერიმენტმა, რომელიც ჩატარდა, არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ და ისეთი წესები მივიღოთ, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და ახალი გადაწყვეტები არ მოვიფიქროთ. არ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რაც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და გარკვეული ექსპერიმენტია საქართველოსთვის, ამის გამართლებას იმით ცდილობენ ხოლმე, თითქოს საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და სპეციფიკური წესები უნდა მივიღოთ - ეს ასე არ არის. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ - ასეთი ექსპერიმენტული წესები არ მუშაობს, მეორე მხრივ კი - არაფერი სპეციფიკური საქართველოში არაა. ქართველი ხალხი დემოკრატიის ისეთივე მოყვარულია, როგორც ევროპის სხვა ხალხები და ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ კარგია საქართველოსთვის. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება იმ აპრობირებულ წესებთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს აქვს სრული მანდატი, ცესკო-ს წევრები აირჩიოს და აქ ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოქმედი "საარჩევნო კოდექსით", ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო.

XS
SM
MD
LG