Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნების" კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს - სიორიძე


საილუსტრაციო ფოტო: ცესკოს ტრიბუნა
საილუსტრაციო ფოტო: ცესკოს ტრიბუნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან, პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება - პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სიორიძემ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტი დღეს, 8 მაისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა.

"ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, ხელისუფლება მზადებას იწყებს არჩევნებისთვის და ცესკოს, ფაქტობრივად, ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს", - ამბობს ის.

სიორიძის სიტყვებით, ცვლილებათა პაკეტით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს აირჩევენ პარლამენტის წევრები უბრალო უმრავლესობით [76 ხმით], 5 წლის ვადით.

"ამ პაკეტით ხელისუფლება პროცედურებს ირგებს თავის თავზე, მას უკვე შეეძლება, რომ ცესკოს თავმჯდომარე მარტომ, ყველასთან შეუთანხმებლად აირჩიოს და შესაბამისად, პროცესი წარმართოს ანტიდემოკრატიულად ისე, როგორც მას მოესურვება", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

მისივე თქმით, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა, წარუდგინოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურები, მის მაგივრად კი მათ პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.

"ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რაც განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს", - ამბობს გიორგი სიორიძე და აღნიშნავს, რომ თუკი ეს პროექტი კანონად იქცევა, "ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი":

"უგულებელყოფილია ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნები. შარლ მიშელის მთავარი მონაპოვარი იყო ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ისეთი მექანიზმი, რომელიც მოითხოვდა კვალიფიციურ, 2/3-ის უმრავლესობას პარლამენტში, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კონსენსუსზე და პარტიებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების საჭიროებაზე. ამ პაკეტის მიხედვით, ეს ყოველივე ანულირდება".

მოქმედი "საარჩევნო კოდექსით", ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა გააგრძელა.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ორჯერ 6-6-თვიანი ვადით იკავებს. ის ორივეჯერ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას ამ თანამდებობის დაკავება მესამედაც სურდა.

XS
SM
MD
LG